ისტორიული ძეგლები



 ხოვლეში ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლი და ეკლესია- მონასტერი მდებარეობს.მაათ უმეტესობას პირვანდელი სახე აღარ აქვს შენარჩუნებული,  მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გვახსენებენ წარსულს .  აქ მდებარეობს შემდეგი ეკლესიები:


                                                            კვართა 




     აკვედუკი ანუ ბელღარი --- ქვახიდა 

  სოფ. ხოვლედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ხეხმელას მარჯვენა შენაკადის ზესხევის წყლის შუაწელზე აგებულია აკვედუკი ანუ ბელღარი. ადგილობრივი მოსახლეობა მასქვახიდასუწოდებს. ბელღარი (სიგრძე 30 , სიგანე 1,1 , სიმაღლე 9 ) თავად ჯავახიშვილების სასახლის წყალმომარაგების სისტემის მთავარი ნაგებობაა. იგი აგებულია ფილაქვით დუღაბზე. შუა მალი ბურჯებზე დაყრდნობილ შეისრულ თაღს წარმოადგენს. მის ქვეშ ხევის წყალი გადიოდა. გვერდითი მალები არაწესიერი ნახევარწრის ფორმის თაღებია. აკვედუკის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო, ხოლო თავსა და ბოლოში წყლის სალექარი ქვევრებია ჩაფლული მიწაში. ბელღარი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (ბაგრატიონი 1992: 51-53).







ხოვლეგორა


ნამოსახლარი „ხოვლეგორა“ მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კმ-ზე, სანიორე ქედის დასასრულს, მდ. ხეხმელას მარცხენა ნაპირზე. დადასტურდა 8 სტრატიგრაფიული ჰორიზონტი: VIII-VII ჰორიზონტი თარიღდება ძვ. წ. XV-XIV სს-ით; VI – ძვ. წ. XIII ს-ით; V – ძვ. წ. XII-X სს-ით; IV – ძვ. წ. IX-VII სს-ით; III – ძვ. წ. VI ს-ით; II – ძვ. წ. V ს-ით. I – ძვ. წ. IV ს-ით. პირველ მაცხოვრებლებს სამოსახლოსათვის ირგვლივ თხრილი და კედელი შემოუვლიათ. ძვ. წ. XV-VII სს-ის (VIII-IV ჰორიზონტები) საცხოვრებელი სახლები გეგმით სწორკუთხაა, ერთოთახიანი; საძირკველი ქვითა და თიხითაა აგებული, კედლები ძელურია – ორმხრივ თიხით შელესილი, იატაკი თიხატკეპნილია, გადახურვა ბანური ჰქონდა. ყოველ სახლში უკანა კედლის მარცხენა კუთხეში ღუმელი იყო მოწყობილი, მარჯვენა კუთხეში – საკურთხეველი, რომელიც შემკული იყო თიხით ნაძერწი ვერძის თავებით. ამ პერიოდის ნამოსახლარზე აღმოჩნდა მორგვზე დამზადებული ლეგა-მოშავოდ, იშვიათად მოწაბლისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რომელიც შემკულია ამოღარული და რელიეფური ორნამენტებით. გარდა თიხის ჭურჭლისა აღმოჩნდა ნამგლის კაჟის ჩასართები, კევრი, მარცვლეულის შესანახი ორმოები, ხორბალი, საწყაო კოდები, ვერძის თავის ქანდაკებები, მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაურ ცხოველთა ძვლები. ძვ. წ. XII-X სს-დან (V ჰორიზონტი) ხოვლეგორას ჩრდილოეთით დასახლება ჩნდება. აქ სახლები სიგრძივ ღერძზე ორადაა გაყოფილი. ერთი ნახევარი ბოსლადაა გადაქცეული – ქვის ფილებით მოწყობილია ზღვე თავისი სანერწყულით. ძვ. წ. IX-VII სს-ში (IV ჰორიზონტი) ჩრდილოეთის დასახლება წყვეტს არსებობას და სამხრეთისაკენ ინაცვლებს. ამ პერიოდში გორის მაცხოვრებლებს ერთი საერთო ბოსელი ჰქონდათ მიშენებული გორის ფუძის ირგვლივ შემოვლებულ გალავანზე. ბოსელი ნაგებია ფლეთილი ქვით. 3 კედლის გასწვრივ ქვის ფილებით მოწყობილია 2 მ-ის სიგანის ზღვე, ხოლო ხის ძელებით – ბაგა. ბოსელში და მასზე მიშენებულ სათავსოში აღმოჩნდა 4 კევრი. IV ჰორიზონტის ბოლო პერიოდიდან გორაზე და ნასოფლარზე ჩნდება წითლად გამომწვარი კერამიკა. ძვ. წ. VI ს-ში (III ჰორიზონტი) ნამოსახლარი გასცდა გორის ბუნებრივ საზღვრებს. მას შემოავლეს ღრმა თხრილი და ქვის განიერი კედელი. უფრო ვრცლად და მჭიდროდ დასახლდა სოფელი გორაზე და სოფელში სახლები უკვე რამდენიმე ოთახისაგან შედგება. შენობები ნაგებია ფლეთილი ქვით თიხის ხსნარზე დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე, შემდეგ კი, ალიზის აგურით. ოთახის კუთხეში დარჩა ღუმელი, ჩნდება ინტერიერის ახალი ელემენტები – შუა ცეცხლი, ღუმელთან ახლოს ქვის მაგიდა, კედლის გასწვრივ სკამი. ერთ სათავსოში დადასტურდა კედლებისა და იატაკის ჭილოფით მოგების ფაქტი. ამ ჰორიზონტში წითლად და შავად გამომწვარი ჭურჭელი თანაარსებობს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. შავლეგად გამომწვარი კერამიკა ინარჩუნებს ძველ ფორმებსა და ორნამენტაციას, ხოლო წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი უმთავრესად სადაა და ახალ ფორმებს იძენს. ჩნდება მილიანი და სამტუჩა დოქები, გრძელტანიანი ქილები. გაჩნდა კერამიკის შემკობის ახალი წესი – ჭურჭლის შეღებვა წითელი საღებავით. ამავე ფენაში აღმოჩნდა სამეთუნეო მორგვი, რომელიც თიხისგანაა დამზადებული. II და I ჰორიზონტში (ძვ. წ. V-IV სს) წითლად გამომწვარი კერამიკა აშკარად ჭარბობს.


ისიდორიაანთ ეკლესია 

ისიდორიანთ ეკლესია მდებარეობს მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (13,4 X 7 ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და ქვიშაქვაც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია ზედა ნაწილები და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის კვალი არ შეიმჩნევა. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნიშია, მარჯვნივ - მცირე ზომის სათავსი. გრძივი კედლები და შეისრული კამარა წყვილი პილასტრით და შეისრული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის რამდენიმე საპირე ქვა.





კვართის წმინდა გიორგის ეკლესია 

კვართის წმ. გიორგის ეკლესია დგას მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,7 ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, კრამიტი ჩრდილოეთ ქანობზე მთლიანად აყრილია, ხოლო სამხრეთ ქანობზე მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩამოცვენილია ლავგარდნის ქვები ოთხივე მხარეს, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გარედან მიწაა მიყრილი. ეკლესიას შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული ორი შესასვლელი აქვს - ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე - დასავლეთ კედელში (ამოშენებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე გვერდზე - სწორკუთხა ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზის დასავლეთ კედელში სარკმლის თაღი ებჯინება კამაროვან გადახურვას. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია.




ავკეთის  წმინდა გიორგი

            წმ. გიორგის საყდარი დგას სოფლიდან 5 კილომეტრზე, მდინარე ხევხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება VI-VII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7 ), ნაგებია თლილი მოწითალო, ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესია დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც. ორივესათავსის საკურთხეველში თითო განიერი სარკმელია. დარბაზი გადახურულია  ცილინდრული კამარით.
ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კანკელი, რომელიც ორი, სხვადასხვა ხანის, ფრაგმენტისაგან შედგება. კანკელი პირველად XI-XII საუკუნეებში დაუდგამთ. მისგან შემორჩა მხოლოდ ექვსი პროფილირებული სვეტი და გაშლილი ფოთლების რელიეფით მორთული კაპიტელი, რომელიც მოგვიანებით, შეკეთების დროს ეგვტერის კონქის კონსოლად გამოუყენებიათ. მეორე კანკელი თაბაშირით აღუდგენიათ XIV საუკუნეში. მარყუჟებით შეკრული ფესტონებიანი თაბაშირის თაღები გაუკეთებიათ და შიგ დაუდგამთ თაბაშირისვე ფილები, რომლებზეც ამოჭრილია გეომეტრიული წნულის მედალიონები და ჩარჩო. როგორც ჩანს, ეს კანკელიც დანგრეულა და მისი ხელმეორედ აწყობის დროს ზოგი ნაწილი თავის ადგილას არ ჩაუსვამთ.
ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მოხატულობა XII საუკუნეს უნდა  ეკუთვნოდეს.
ფასადების დეკორიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ სარკმლის თავსართის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე, გვიანდელი შეკეთების დროს, რუხი ფერის დაუმუშავებელი ხის ფილები ჩაუსვამთ.







იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

ოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. მდებარეობს ხოვლიდან 10 კმ -ის მოშორებით სოფელ ნათლისმცემელში. არქიტექტორული ძეგლია დგას სოფლის ჩრდილოეთით შემაღლებულ ადგილას. თარიღდება მე-11 საუკუნით. ეკლესია დარბაზულია ნაგებია ქვიშა- ქვით. ფასადები მოპირკეთებულია გათლილი ქვით. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით. კედლებზე გამოსახულია ადამიანისთავიანი ცხოველის სკულპტურული გამოსახულება. დროის უკურმართობამ დიდი დაღი დაასვა ეკლესია- მონასტრებს ასე მოხდა სოფ. ხოვლეში აქ ბევრი ეკლესია განადგურდა ეს ეკლესია მთებშია ამიტომ მეტ- ნაკლებად გადარჩა და დანგრევას გადაურჩა . მაგრამ ის კი არსანიშნავია , რომ ის დოკუმენტები , რაც კი ეკლესიასი ინახებოდა ერთერთი ხანძრის დროს განადგურდა.


No comments:

Post a Comment