კაპრალი კახა კოშაძე
აგვისტოს 11, შინდისი, ბოლო ბრძოლა კახა კოშაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შეტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა და მისი სახელი მარადისობამ მიისაკუთრა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. მის ოჯახს კი დღემდე უჭირს იმის დაჯერება, რომ კახა მათთან აღარ არის. „მე თვითონ ჩამოვალო“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მერე კავშირი შეწყდა.
ზვიად კოშაძე, ძმა: „სად ხარ-მეთქი, კარგად ვარ, ჩემზე აღარ ინერვიულოთ, მერე მე თვითონ ჩამოვალო. ეს დამამახსოვრდა. თავისი ნომრიდან დარეკა. უკან რომ გადავრეკე, უკვე გათიშული იყო“.
ოჯახს ამ ფრაზამ: „არ ინერვიულოთ, მე თვითონ ჩამოვალო“, იმედი მისცა, რომ კახა შინდისიდან გამოსვლის შემდეგ ტყვედ ჩავარდა, თუმცა დეენემის ანალიზმა სხვა შედეგი აჩვენა.
მამა: „როგორც გვითხრეს, შინდისის სადგურიდან აიყვანეს მიცვალებული. ჯარისკაცი, რომელიც კახასთან ერთად იყო მანქანაზე, ამბობს, ჯერ კახა გადახტა, მერე მე და გავიქეცით, მას მერე აღარ გვინახავსო“.
კოშაძეების ოჯახი ტრაგედიას ვერ ეგუება. მამა რომ იტყვის, „კახა მეგობრული ბიჭი იყოო“, დედას ელდა ეცემა: „იყო და არის! რომ იტყვის ხოლმე, იყოო, გულზე მხვდება...“
აკაკი კოშაძემ და მზია ვარსიმაშვილმა 3 ბიჭი გაზარდეს.
თამაზი სულ 11 თვით უფროსია კახაზე. კახა 22 წლის იყო.
„ორი აკვანი გვედგა, ერთი რომ მორჩებოდა ტირილს, მეორე იწყებდა. ხან ერთმანეთს აჰყვებოდნენ...“, – იხსენებს დედა.
გავიდა დრო და პატარა ცრემლისმღვრელი ბიჭები დაიზარდნენ და ომში წავიდნენ სამშობლოსთვის სისხლის დასაღვრელად. უმცროსს, 17 წლის ზვიადსაც უნდოდა ომში წასვლა. მაგრამ ასაკი არ უწყობდა ხელს.
ვამაყობთ, რომ კახა ჩვენი სოფლიდან იყო!
No comments:
Post a Comment